სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის 2014 წელს დააარსეს ხელისუფლების ყოფილმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, რომელთა პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა სოფლის მეურნეობა, საკვები პოლიტიკა და სოფლის განვითარება. ორგანიზაციის დამფუძნებლებს მდიდარი, 20 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში, როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორში. სწორედ მათი ინიციატივით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა ამ დარგში: ფერმერებს და აგრომეწარმეებს საშუალება მიეცათ, ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტით; შემუშავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის კანონპროექტი; დაფუძნდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო; შეიქმნა აგრარული სამეცნიერო ცენტრი და აგრომომსახურების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; შევქმნათ ხელსაყრელი გარემო, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და ინფორმაცია პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ხელი შევუწყოთ კერძო, საჯარო და სამთავრობო სექტორებს შორის ნდობაზე აგებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას; გამოვხატოთ დამოუკიდებელი პოზიცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო და მედია დისკუსიებში და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას; გამოვავლინოთ, ცხადად ჩამოვაყალიბოთ და შევაფასოთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, პროგრამები და წინადადებები, ვიმსჯელოთ იდეებსა და გამოვლენილ პრობლემებზე პოლიტიკის ჭრილში; გადავაფასოთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ბიზნესპრაქტიკა.
სწორედ ამ მიზნებისთვის, ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია კვლევა, ანალიზი და ინფორმაციის გავრცელება. ჩვენს საქმიანობაში შედის: კვლევებისა და პუბლიკაციების, პოლიტიკის ანალიზისა და მონოგრაფიების გამოქვეყნება, სახელმწიფო პროგრამების შეფასება, კვლევის შედეგების გავრცელება და სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა; ვორკშოპების, სემინარებისა და ბრიფინგების მოწყობა, ამ გზით მხარეებს შორის ურთიერთობების განვითარება, ინფორმაციის მიმოცვლა. ჩვენ ქართულ საჯარო სექტორში პირველი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ზემოთ წარმოდგენილი მიზნების სრულად განხორციელების რესურსს ფლობს. ჩვენი მიზანია დამოუკიდებელი მოსაზრებების, კვლევის, ანალიზისა და ინფორმაციის გავრცელება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ევროკავშირთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებას.